ნაბიჯ-ნაბიჯ: გზა ევროპისაკენ - ევროკავშირის ელჩის თვალით დანახული საქართველოს ევროპული მომავალი

"მოსახლეობის ნაწილი, ვფიქრობ, მცდარად აღიქვამს იმას, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივება..."

მარტის ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოში საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის ანგარიში წარადგინა. ანგარიში შეიცავდა როგორც განვლილი პროგრესის შეჯამებას, ასევე სამომავლო რეკომენდაციებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვესაუბრეთ, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დანერგვა/რეალიზება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და ევროკავშირის პოზიცია და წვლილი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროცესში.

- სავიზო რეჟიმის გამარტივებით დავიწყოთ, რასაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი იმედებით ელოდება. როდისთვის იგეგმება პროცესის დასრულება? მოიაზრებოდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი რიგის სამიტისთვის უნდა მიეღო, თუმცა ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ასე არც მოხდეს...

- ეს საკითხი მინდა დეტალურად განვიხილო, რადგან მოსახლეობის ნაწილი, ვფიქრობ, მცდარად აღიქვამს იმას, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივება. ეს გულისხმობს ხანმოკლე ვიზიტებს, რომელთა ხანგრძლივობაც არ სცდება 90 დღეს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების თარიღს: სამოქმედო გეგმის მეორე, დასკვნით ფაზაში ვართ. ველოდებით ევროკომისიის შემაფასებელ ანგარიშს იმაზე, თუ რამდენად განხორციელდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვისსაჭირო მოქმედებები. ანგარიში გამოქვეყნდება რიგის სამიტამდე და შემდგომი პროგრესი დამოკიდებულია მის შინაარსზე. თუმცა, დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, დისკუსია გაგრძელდება – ამჯერად თითოეული წევრი ქვეყნის დონეზე და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ. ასე რომ რიგის სამიტისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არც იგეგმებოდა.

- "ხანმოკლე ვიზიტის" ასპექტი შესაძლოა, ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს. საქართველოში საკმაოდაა ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში წავიდნენ და იქ იშოვონ სამსახური. ასე რომ, რას აძლევს სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ ქართველ ფერმერს, რომელსაც პარიზის დასათვალიერებლად არც ფული აქვს და არც დრო, მაგრამ ევროპაში სამსახურის შოვნაზე კი უარს არ იტყოდა? ამას გარდა, არსებობს თუ არა რისკი, რომ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებს, დაბრუნებას არალეგალურ ემიგრანტად ყოფნას ამჯობინებს?

- რისკები არსებობს და სწორედ მათი შეფასების პროცესში ვართ – საჭიროა გულდასმით გამოვიკვლიოთ რა შედეგებს მოიტანს სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოში. რაც შეეხება სამსახურის პოვნას, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგაც კი, მათ, ვისაც ევროკავშირში სამსახურის პოვნა სურთ, ვიზა და ხშირად მუშაობის უფლებაც, აუცილებლად დაჭირდებათ.

- გადავიდეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე. ხელი უკვე მოვაწერეთ, რატიფიკაციაც მიმდინარეობს, ჯერი განხორციელებაზეა. როგორია ევროკავშირის სტრატეგია ამ კუთხით?

- განხორციელების პროცესი ეს-ესაა დაიწყო. გვაქვს იმედი, რომ დაახლოებით სამი წლის შემდეგ, შეგვეძლება მიმდინარე პროგრესი შევაფასოთ. ზოგადი პროგრესი სახეზეა. სტრატეგიაზე მკითხეთ, ამაზე პასუხი მარტივია – ასოცირების ხელშეკრულება მასიური დოკუმენტია. შეიძლება ვინმემ ცადოს და ჩამოაყალიბოს მასში გაწერილი ათი ან თორმეტი მთავარი მიზანი. მაგრამ რეალურად, განხორციელებას დასჭირდება ასობით პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით. უნდა გავიაზროთ, თუ რა ღირებულება აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას პროგრესისაკენ. ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ დიდებული მიღწევების შესახებ ყოველ დღე, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბეჯითი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალზე შორს წავალთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ქვეყანა, სადაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდება.

- ასოცირების შეთანხმებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს იმ ცვლილებებსა და რეფორმებს, რაც ადგილობრივმა ბიზნესმა, ბაზარმა უნდა გაიაროს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ქართული ბაზრის ევროპულ სტანდარტებზე მორგება?

- რეგულარულად ვხვდები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და მინდა ვთქვა, რომ სრულად აქვთ გააზრებული იმ გარდამტეხი ცვლილებების მნიშვნელობა, რაც ევროპულ ბაზარზე შესვლისთვისაა საჭირო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გვაქვს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გატარდეს ესა თუ ის რეფორმა. მაგალითისთვის შრომითი ინსპექციებიც გამოგვადგება. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ვფიქრობთ, საქართველოშიც დროულად უნდა დაინერგოს – უკეთესი სამუშაო პირობები ბიზნესის სტაბილურობასაც უწყობს ხელს და მეტ ინვესტიციებსაც მოიზიდავს.

- კიდევ ერთი სფერო, რომელიც დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა - სოფლის მეურნეობა. როგორია ევროკავშირის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ქართული სოფლის მეურნეობა?

- საქართველო იყო და რჩება სასოფლო-სამეურნეო ქვეყანად, ასე რომ ადგილობრივი "ნოუ-ჰაუ" დიდი უპირატესობაა, რაც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. ეკონომიკური ასპექტების გარდა, სოფლის მეურნეობის განვითარება სოფლის გაძლიერებასაც ნიშნავს – მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მას სოფლის დატოვების სურვილი აღარ უჩნდებოდეს. ასე რომ ვეთანხმები მთავრობას მოსაზრებაში, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირის მიერ გაღებული გრანტებით თუ ვიმსჯელებთ, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა (140 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის). ვფიქრობთ, ეს გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ასობით თანამედროვე კოოპერატივის შექმნის პროექტზე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე?

- ექსპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით უკვე იზრდება და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერჯერობით, ზრდა ტრადიციულ ქართულ პროდუქციაზე – ღვინოსა და თხილის ექსპორტზე აისახა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს ქართული მწვანილი, ბოსტნეული და ხილიც. ასევე, ვფიქრობ, რომ თანდათან "ევროპულ თაროებზე" გამოჩნდება ქართული თაფლი და ყველი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა ვახსენო – ფიტოსანიტარიული ნორმების ჰარმონიზება, რომელიც ლომის წილს ითამაშებს იმაში, იქნება თუ არა ევროპელი მომხმარებელი ნდობით განმსჭვალული ქართული პროდუქციის მიმართ. ზოგადად, ვფიქრობთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”