საბერძნეთმა შესაძლოა, დეფოლტი გამოაცხადოს

საბერძნეთმა აპრილის ბოლომდე შესაძლოა, დეფოლტის შესახებ განაცხადოს. ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, თუ ათენმა მანამდე ევროკავშირთან ვერ მიაღწია შეთანხმებას კრედიტის მიღების შესახებ, მაშინ ის იძულებული გახდება დეფოლტი გამოაცხადოს.  "მთავრობამ, რომელიც ნელ-ნელა ფულის გარეშე რჩება, იმისათვის, რომ პენსიები და ხელფასები დაარიგოს, უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მაისსა და ივნისში 2,5 მილიარდი ევროს გადახდაზე, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ჩვენ გზის ბოლოს მივედით, თუ ევროპელები არ გაგვიწევენ ფინანსურ დახმარებას, სხვა ალტერნატივა არ გვრჩება, გარდა დეფოლტისა", - აცხადებს სამთავრობო წყარო Financial Times-თან.

საბერძნეთის დეფოლტი ევროზონის 16-წლიანი ისტორიის მანძილზე უპრეცედენტო მოვლენა იქნება. ექსპერტების მოსაზრებით, საბერძნეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება შესაძლოა, ათენის ერთგვარი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყოს იმისათვის, რომ მან გავლენა მოახდინოს საერთაშორისო კრედიტორებზე და მათგან უფრო მარტივი და მისაღები პირობები მიიღოს. საბერძნეთში დეფოლტმა შესაძლოა ბანკების დახურვა და უფრო ღრმა ეკონომიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ასევე დეფოლტის შედეგად, შესაძლოა საბერძნეთს ევროზონის დატოვებაც მოუხდეს.