,,ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა" - თეა გოდოლაძე რიკოთის მეორედ ჩაკეტვაზე

რიკოთი კვლავ ჩაიკეტა. მოძრაობა ქვათაცვენის გამო დროებით ჩაიკეტა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ძირულას რეგიონი ურთულესი გეოლოგიური მოვლენების მქონე რეგიონია, ამიტომ იქ რაიმეს მშენებლობა წინასწარი შესწავლის და კვლევის გარეშე დაუშვებელია - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა, აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო, დასკვნებში მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს.

თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა" - წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

თამარ მუკბანიანი