მარტინ ლიდეგორდი: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს.

ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლიდეგორდმა აღნიშნა, ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი არ არის და მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. "ევროკავშირის თავისუფალი ქვეყნების მინისტრებს ვუერთდები იმ სოლიდარობაში, რომელსაც ყველა ჩვენგანი უცხადებს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ საქართველოს ხალხს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს დააახლოვებს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნებიც გვიერთდებიან, რომ იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის, შევუერთდეთ მას, მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ. დანიაში ამ კუთხით უამრავი უწყება მუშაობს", - განაცხადა ლიდეგორდმა.

მისი თქმით, ამ გზაზე იქნება გარკვეული გამოწვევები, რომლებიც გარედან არსებობს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი შელახვის ფაქტი დაგმო. "ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარ ვითარებაში რთულია, მაგრამ უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული პროგრამები და ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი დახვეწა და ა.შ", - განაცხადა ლიდეგორდმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის რიგის სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირა დარჩა და ყველამ ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში იმიტომ, რომ საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი წევრი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, პარტნიორობის და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება რეფორმების განხორციელებას, ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს. ამასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა გამოიჩინოს კონკრეტული ინიციატივები. დღეს ჩვენ არაფრის დაპირება არ შეგვიძლია, მაგრამ ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.