ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლების გაზრდა და კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პოტენციალის გამოყენება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის პროექტი, ინოვაცია და ციფრული განვითარება და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს, ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.