ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, სანზონის N16 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცის ფართობი 6 500 კვ.მ-ია.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, განთავსდება საპარკე სკამები, ასევე, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„გურამიშვილის გამზირზე საბავშვო გასართობი ზონა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სანზონის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 830 158 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.