„თუ ვერ მოხდება შესაბამისი კადრის მოძიება და ამის დასაბუთებას წარმოადგენს დაწესებულება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეძლოს სხვა ქვეყნის მოქალაქის დასაქმება“

„პრიორიტეტი მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს და აქ მყოფ პირებს. თუ ვერ მოხდება შესაბამისი კადრის მოძიება და ამის დასაბუთებას წარმოადგენს დაწესებულება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეძლოს სხვა ქვეყნის მოქალაქის დასაქმება“,- ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ქვეყანაში შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით, უკვე მიიღო კანონპროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , ასევე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი მის თანმდევ კანონპროექტებს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, საშუამავლო კომპანიებს სერტიფიცირება მოუწევთ.

„ჩვენი რეკომენდაცია გაზიარებულია და კანონი როდესაც ამოქმედდება, შრომის ინსპექციის მანდატი იქნება, რომ შეამოწმოს პირობები და მონიტორინგი გაუწიოს (როგორც მიგრანტების, ისე ემიგრანტების შემთხვევაში).

გარდა ამისა, ჩვენი შენიშვნაა, რომ პირველ რიგში ადგილზე დასაქმების კუთხით, პრიორიტეტი მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს და აქ მყოფ პირებს. თუ ვერ მოხდება შესაბამისი კადრის მოძიება და ამის დასაბუთებას წარმოადგენს დაწესებულება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეძლოს სხვა ქვეყნის მოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, საერთაშორისო სტანდარტი, საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკა, ამაში დისკრიმინაციული არაფერია. ამის მთავარი მიზანია, რომ შემცირდეს ქვეყანაში უმუშევრობა და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ, შეთავაზება გვაქვს, რომ ესეც ჩანდეს კანონპროექტში. ამ ეტაპზე ეს არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც მუხლობრივ განხილვებზე გადავალთ უკვე მეორე მოსმენის დროს, ჩვენი რეკომენდაცია გაზიარებული იქნება.

ასევე, გვაქვს შენიშვნა სანქციებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ სააგენტო არ არეგისტრირებს თავის საქმიანობას, ან ზოგადად, თუ ირღვევა კანონი, სანქციები იყო დაბალი, საბედნიეროდ, მოხდა ამის გადახედვა და ის მოვიდა თანხვედრაში იმ პრაქტიკასთან, რომელიც უკვე აქვს შრომის ინსპექციის სამსახურს. შესაბამისად, სანქციების ოდენობა არა მხოლოდ დარღვევის სიმძიმეზეა, არამედ, დაწესებულების ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც. ერთი და იმავე ოდენობის ჯარიმას, შესაძლოა, ერთი კომპანიისთვის ჰქონდეს მბოჭავი და მსუსხავი ეფექტი, მაგრამ თუ დიდი ეკონომიკური შესაძლებლობის კომპანიას დაუწესებ, პირობითად, 1000 ლარიან ჯარიმას, უპრობლემოდ გადაიხდის და ისევ გააგრძელებს საქმიანობას ჩვეულებრივ. ამიტომ, კრიტერიუმი, გარდა დარღვევის სიმძიმისა, იქნება კომპანიის ეკონომიკური ბრუნვა, წლის განმავლობაში. კარგია, რომ ეს გაითვალისწინეს“,- განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

ნინი ქეთელაური