,,თელასმა" წყნეთში აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

სააქციო საზოგადოება ,,თელასი" აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრებს ხსნის.

"თელასის" ინფორმაციით, დღეს წყნეთში სს ,,თელასის" ბიზნესცენტრი ,,ვერა-ვაკეს" ფილიალის ახალი ოფისი გაიხსნა. მათივე ცნობით, ოფისის გახსნას ესწრებოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ,,ინტერ რაოს" ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს ,,თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

ფილიალი წყნეთში, დავით აღმაშენებლის ქ.№4-ში მდებარეობს და წყნეთისა და ახალდაბის 6 000 აბონენტს ემსახურება. "თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების და მათი ფილიალების გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის, ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბიზნესცენტრებში და მათ ფილიალებში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. წყნეთის ფილიალის შენობაში, ისევე როგორც კომპანიის ყველა ბიზნესცენტრში, განთავსებულია საექსპლუატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე", - აცხადებენ "თელასში".

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს: ,,ვერა-ვაკე", ,,საბურთალო", ,,მთაწმინდა-კრწანისი", ,,დიდუბე-ჩუღურეთი", ,,გლდანი", ,,ისანი", ,,დიღომი", ,,სამგორი", ,,ვარკეთილი" და ,,ნაძალადევი".