მაია ომიაძე - დაგეგმილი სწორი მარკეტინგული კამპანიების შედეგად ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს.

მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-მარტის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.

„პირველ კვარტალში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილი სწორი სტრატეგიისა და იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგად, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს საქართველოსთვის მიზნობრივ ბაზრებზე შედეგი სახეზეა, ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს.

„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.