მაიამის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები მგზავრების ჩემოდნებს ძარცვავდნენ

"სიენენის" ცნობით, 2010-დან 2014 წლის ჩათვლით, აშშ-ის აეროპორტებში ჩემოდნიდან ამოღებული ნივთების საერთო ღირებულება  2,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიამის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები მგზავრების ჩემოდნებს ხსნიდნენ და ძარცვავდნენ. "სიენენის" ინფორმაციით, თვითმფრინავის საბარგულში მყოფი მუშების გამოჭერა საბარგულში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. "ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველა ჩვენგანი უპირისპირდება. ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ვიდრე ბარგის გახსნის თაობაზე პრეტენზიები საგრძნობლად არ შემცირდება", - განაცხადა მაიამის პოლიციის წარმომადგენელმა პიტ ესტისმა.

"სიენენის" ინფორმაციით, 2010-დან 2014 წლის ჩათვლით, აშშ-ში 30 621 საჩივარი შევიდა აეროპორტში ჩემოდნებიდან მოპარული ნივთების თაობაზე. საერთო ჯამში კი, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მონაცემებით, ბარგის გახსნისა და ძარცვის ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ იორკის კენედის საერთაშორისო აეროპორტში ხდება, რომელსაც მოსდევს ლოს ანჯელესის, ორლანდოსა და მაიამის საერთაშორისო აეროპორტები.