BP-მ მექსიკის ყურეში ახალი ნავთობმომპოვებელი პლატფორმა გახსნა

ბრიტანულმა კომპანია BP-მ მექსიკის ყურეში ახალი ნავთობმომპოვებელი პლატფორმა 2008 წლის შემდეგ პირველად გახსნა. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ავრცელებს.

პლატორმა, Argos ნიუ ორლეანის სამხრეთით, დაახლოებით, 120 კმ-ში მდებარეობს და დღეში 140 000 ბარელამდე ნავთობმოპოვების სიმძლავრე აქვს.

ის მექსიკის ყურეში BP-ის მეხუთე მომპოვებელი პლატფორმაა, ხოლო მისი გაშვებით კომპანიის საწარმოო სიმძლავრე რეგიონში 20%-ით გაიზრდება.

Argos-ზე წარმოების გაზრდას BP 2023 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გეგმავს. პლატფორმის ამოქმედება კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც „ამ ათწლეულის შუა რიცხვებისთვის“ მექსიკის ყურეში ნავთობმოპოვების დღეში 400 000 ბარელამდე გაზრდას ითვალისწინებს.

2010 წელს მექსიკის ყურეში BP-ის პლატფრომა Deepwater Horizon-ზე აფეთქება მოხდა, რამაც აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ