ხვნის სამუშაოების განსახორციელებლად 83 ერთეული ტექნიკა დასავლეთ საქართველოში გადავა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ხვნის სამუშაოები დასავლეთ საქართველოშიც იწყება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს "მექანიზატორს", რომელიც საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს, 14 აპრილიდან ტექნიკა სამეგრელოსა და იმერეთში გადაჰყავს. დასავლეთ საქართველოში შპს "მექანიზატორის" ქარელისა და კასპის სერვისცენტრების ბრიგადების 30 ერთეული და მარნეულის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის ბრიგადების 53 ერთეული ტექნიკა გადავა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის დამატებითი ერთეულები შევა სამეგრელოში (27 ერთეული) - ზუგდიდის რაიონი, სოფელი ურთა (6), ჩხოროწყუ, ახუთი (5), მარტვილი (6), სენაკი, ძველი სენაკი (10); ტექნიკის დამატებითი ერთეულები შევა ასევე იმერეთში (56 ერთეული) - სამტრედია, გომი (6), ნაბაკევი (5), ვანი (5), ზეინდარი (5), წყალტუბო, მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9), ხონი, დედალაური (8), ჭიათურა (5), კაცხი, ტყიბული, ხრესილი (5).

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი წელს 800 ათასი მცირე ფერმერია და 14 აპრილის მდგომარეობით, 39 000 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული.