მედია - „დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა

აშშ-მა, გაერთიაებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიის ქალაქ საპოროში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს.

ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენებდნენ შესაბამის რესურსებს და შესაძლებლობებს თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია შეთანხმების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ბირთვული საწვავის ბაზრიდან რაც შეიძლება მალე განდევნის მიზნით.

ასეთი ნაბიჯის მიზანი პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსების კიდევ ერთი წყაროს შეწყვეტაა.

„დიდი ბრიტანეთი იმყოფება გლობალური ძალისხმევის ცენტრში, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდასაჭერად, პუტინის დასამარცხებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერც მან და ვერც მისნაირებმა ვეღარასდროს იფიქრონ, რომ თავისი ენერგეტიკული რესურსების ტყვეობაში მსოფლიოს მოქცევა შეუძლია“, - აცხადებს ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრი, გრანტ შაპსი.