ნინა რიჩის მემკვიდრეს პატიმრობა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ნინა რიჩის მოდის სახლის მემკვიდრეს, 73 წლის არლეტ რიჩის.

”გარდიანის” ინფორმაციით, სასამართლომ არლეტ რიჩი ბრალდებულად სცნო ბრიტანული ბანკის HSBC-ს მეშვეობით გადასახადების დამალვაში. გარდა პატიმრობისა, პარიზის სასამრთლომ ნინა რიჩის შვილიშვილს 1 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა. გამოძიებით დამტკიცდა, რომ არლეტ რიჩიმ შვეიცარიაში HSBC-ის საბანკო ანგარიშებზე 22 მილიონი ევრო გადამალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მოხდება არლეტ რიჩის კუთვნილებაში მყოფი ორი უძრავი ობიექტის კონფისკაცია, რომელთა საერთო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) პროექტის SwissLeaks-ის ფარგლებში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანული ბანკის HSBC-ის ჟენევის ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, 100 ათას კლიენტს გადასახადებისგან თავის არიდებაში დაეხმარა.