BBC - დასავლეთი საბანკო კრიზისს ერთ თვეში გაუმკლავდა - თუმცა უარესი ჯერ კიდევ წინ არის

აშშ-მა და ევროპამ შეძლო, ათწლეულის ყველაზე დიდი საბანკო კრიზისი 2008 წლის მსგავს გლობალურ ფინანსურ კატაკლიზმად არ გადაექცია. თუმცა აღმოიფხვრა მხოლოდ სიმპტომები, ხოლო დაავადების ძირითადი მიზეზები, ანუ ინფლაცია და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია ისევ აშკარაა. ამის შესახებ BBC-ის ვრცელ სტატიაში არის ნათქვამი, რომელიც საბანკო სექტორს შეეხება.

ახალი საბანკო კრიზისი სექტორის მთავარ ბაზარზე, აშშ-ში ზუსტად ერთი თვის წინ დაიწყო, როცა ტოპ 20-ეულში შემავალი Silicon Valley Bank (SVB) გაკოტრდა. 10 დღის შემდეგ კრიზისი დაარტყა ევროპის საბანკო სისტემის გულს, როცა შვეიცარიის ორი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთის, Credit Suisse-ის საუკუნენახევრიანი ისტორია უსახელოდ დასრულდა.

„ცენტრალური ბანკები სასწრაფოდ გამოვიდნენ მაშველებად და ცეცხლი ფულის ჩაღვრით ჩააქრეს, პრობლემური ბანკები ყოფილ მფლობელებს ჩამოართვეს და მხოლოდ დაზღვეულ კი არა, არამედ ყველა მეანაბრეს დეპოზიტების დაბრუნების გარანტია მისცეს. თუმცა ამ ქმედებებს თავისი შედეგები ექნება და სიხარული ნაადრევია: ახალი შოკები ახლოსაა, რომელიც გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ბანკებზე და არა მხოლოდ დასავლეთში,“ - წერს BBC.

ინგლისის ბანკის მმართველ ენდრიუ ბეილის თქმით, „Silicon Valley Bank-ის შემთხვევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც ინფორმაციის გავრცელების, ისე საბანკო ანგარიშებზე წვდომის თვალსაზრისით, ბანკების „დარბევას“ პოტენციურად უფრო დიდს და სწრაფს ხდის.“

SVB-ის მეანაბრეებმა ერთ დღეში 42 მლრდ დოლარის გატანა სცადეს, რაც დეპოზიტების, დაახლოებით, მეოთხედია. შვეიცარიის ხაზინის მდივან კარინ კელერ-ზუტერმა აღიარა, რომ ეს ნებისმიერი ბანკისთვის, მათ შორის, Credit Suisse-ისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა, საიდანაც გადინება არც თუ ისე სწრაფი იყო, მაგრამ ბანკი რამდენიმე დღესაც კი ვერ გასტანდა, შვეიცარიის ხელისუფლებას რომ არ აეძულებინა UBS, კონკურენტი ეყიდა.

ამდენად, ბოლო კრიზისის შემდეგ მსოფლიოს ფინანსურ სტაბილურობას ახალ საფრთხეს სწორედ ინტერნეტ-ტექნოლოგიები უქმნის. ამის შესახებ სექტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააფრთხილა. ფონდის ეკონომისტები გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში წერენ, რომ „ბოლოდროინდელმა პრობლემებმა საბანკო სექტორში მობილური აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მზარდი როლი აჩვენა.“

„ინფორმაცია მეანაბრეების გაქცევის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდება მთელ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი საბანკო კრიზისები სწრაფად და არაპროგნოზირებულად განვითარდება,“ - წერს სავალუტო ფონდი.

BBC-ის შეფასებით, „ახალი საშინელი რეალობის კიდევ ერთი თავისებურება არის ცენტრალური ბანკების მზარდი განაკვეთები ინფლაციის შესაკავებლად.“ კრედიტები ძვირდება, ეკონომიკა ნელდება. ასეთი მაღალი მაჩვენებლები ევროპასა და აშშ-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა, ხოლო ასეთი ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. იაფ ხელმისაწვდომ კრედიტზე დაფუძნებული ძველი ბიზნესმოდელები და მოხმარება ზარალდება და კოტრდება. ამას შედეგად მოსდევს ბანკების საკრედიტო რისკი, რამაც 2008 წლის კრიზისი გამოიწვია.

მსხვილი ბანკები დაზღვეული არ არიან დეპოზიტარების მხრიდან „დარბევისგან,“ რადგან შემდეგ ჯერზე დეპოზიტარები ფულისთვის იმიტომ კი არ მიაკითხავენ, რომ არ სჯერათ მათი უსაფრთხოების, არამედ საბოლოოდ იგრძნობენ განსხვავებას დაკრედიტების განაკვეთებსა და იმას შორის, რასაც ბანკი მათ დეპოზიტებზე უხდის.

„ეს მომენტი უკვე დამდგარია. უყურადღებობის ბარიერი მიღწეულია და დეპოზიტების გადინების მეორე ტალღა უკვე დაიწყო,“ - აცხადებს Barclays-ის ანალიტიკოსი, ჯოზეფ აბეითი Bloomberg-თან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, ამჟამად ბანკები იძულებული იქნებიან, სადეპოზიტო განაკვეთები გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული ფულის ბაზარზე გაედინება, ანუ ფონდების მეშვეობით ან პირდაპირი წესით ობლიგაციებში ჩაიდება.

„ასე რომ, თუ მსოფლიო სტაგნაციიდან არ გამოვა, ინფლაციასა და უკრაინის ომის შედეგებს არ გაუმკლავდება, მაშინ საბანკო კრიზისი განვითარებად ქვეყნებს მიაღწევს. მათთვის მეანაბრეების მხრიდან „დარბევით“ მიყენებული ზარალი გაცილებით სერიოზული იქნება, ვიდრე დასავლეთის მიერ განცდილი მარტის მსუბუქი შიში იყო,“ - წერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ