იმპორტზედამოკიდებულების დასასრული - თურქეთი ხვალიდან საქარიას საბადოს ხსნის

20 აპრილიდან თურქული სახელმწიფო კომპანია, Turkish Petroleum Corp. შავ ზღვაში მდებარე საქარიას ღრმაწყლოვან დიდ საბადოზე ბუნებრივი აირის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ Financial Times-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, მელიჰ ბილგინმა განუცხადა.

ამასთან, ხვალ, ანუ მუსლიმური მარხვის, რამადანის თვის ბოლო დღეს ზონგულდაკის პროვინცია ფილოსის გადამამუშავებელ ქარხანაში საქარიას გაზის პირველი გადატუმბვის ცერემონიის გამართვა 29 მარტს თავად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დააანონსა.

მიმდინარე კვირას გაზის მიწოდება სამი ჭაბურღილიდან დაიწყება, ხოლო დამატებით შვიდი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. მთლიანად 10 ჭაბურღილიდან დღიური წარმოება, სავარაუდოდ, 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაღწევს, რაც, გაზეთის მონაცემებით, თურქეთში გასული წელს მოხმარებული მოცულობის, დაახლოებით, 7%-ია.

მელიჰ ბილგინი ამბობს, რომ სრული სიმძლავრით საბადო დღეში 40 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ წელიწადში 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გამოიმუშავებს, რაც 2028 წლისთვის იგეგმება.

გაზის ნაწილი ექსპორტზე გავა. ევროპული ბაზრის მაღალ პოტენციალზე მითითებით, Turkish Petroleum-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ამჟამინდელი ბაზრის პირობებში მყიდველების მოძიება ნაკლებად პრობლემური იქნება.“

საქარიას საბადო ამავე სახელწოდების პროვინციის სანაპიროზე 2020 წელს აღმოაჩინეს. პროექტის პირველ ეტაპზე ინვესტიციები Turkish Petroleum-მა ამერიკულ Schlumberger-თან და ბრიტანულ Subsea 7-თან ერთად განახორციელა, რამაც 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.

შავი ზღვის შელფზე გაზის საბადოების მარაგი, დაახლოებით, 540 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდი საქარიას საბადოა, რომლის მოცულობაც 400 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია. საწყის ეტაპზე ამ საბადოზე დღეში, დაახლოებით, 10 მილიონი, ანუ წელიწადში 3,4 მილიარდიდან 4 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის წარმოება იგეგმება.

Turkish Petroleum-ის პროგნოზით, შავი ზღვის საბადოები ქვეყანას დაეხმარება, 2030 წლისთვის უცხოურ მარაგებზე დამოკიდებულებისგან, მათ შორის რუსული გაზისგან გათავისუფლდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ