როტერდამის მერიამ McDonald’s-ს მენიუში ჯანსაღი საკვები დაამატებინა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის მერია სწრაფი კვების რესტორნების ხუთ ქსელს, მათ შორის McDonald’s-ს შეუთანხმდა, მენიუს ერთ-ერთი კერძი ჯანსაღი გახადოს და მისი აქტიური რეკლამირება გასწიოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მერია იმედოვნებს, რომ მოქალაქეებს სიმსუქნესთან ბრძოლაში დაეხმარება. მართალია, ნიდერლანდების კანონმდებლობით, მერიას მოქალაქეთა კვების ჩვევების დარეგულირება არ შეუძლია, მაგრამ უფლება აქვს, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი არჩევანის ინიციატივებს. მერიაში იმედოვნებენ, რომ მსხვილი ქსელების მენიუში საინტერესო შეთავაზებები გაჩნდება.

მენიუში უფრო ჯანსაღი ალტერნატივის ჩასმაზე ოფიციალური პირები ადგილობრივ საავადმყოფოებსაც შეუთანხმდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სიმსუქნის დიაგნოზი ისმება მაშინ, თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია, ხოლო თუ ინდექსი 25-დან 30-ს შორის დიაპაზონშია, ადამიანი ჭარბწონიანად ითვლება. Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მცხოვრებლების 53%-ს ზედმეტი წონა აქვს. აქედან 36% ჭარბწონიანი, ხოლო 17% მსუქანია.

ევროპაში სხვადასხვა ზომას მიმართავენ, რომ მოსახლეობას კვების ჩვევების შეცვლაში დაეხმარონ. კერძოდ, ესპანეთის ქალაქ ვალენსიის სკოლებში ვენდინგური (სავაჭრო) ავტომატები 2017 წლის სექტემბრიდან ნამცხვრებისა და სხვა ტკბილეულის ნაცვლად ხილს, ჩირს, დაბალკალორიულ უშაქრო იოგურტებსა და ჭვავის პურს ყიდიან. ასევე, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მურსიის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტების გარდა) ცხიმის, მარილისა და შაქრის შემცველი საკვებ-სასმელის გაყიდვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან აიკრძალა, ხოლო პორტუგალიის საავადმყოფოების სასადილოებში გაზიანი სასმელები კომპოტით შეცვალეს.

მოამზადა ლად სულაბერიძემ