"ექსპო ჯორჯიაში" საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, 16-18 აპრილს, მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.

50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 150-მდე ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

წარმოდგენილი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.

გამოფენისა და ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ტურ ოპერატორები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული აღჭურვილობა, სათავგადასავლო და ეკო ტურები, ავიაბილეთები, სატრანსპორტო კომპანიები, საქმიანი ტურიზმი, დაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება, განათლება.