მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად გამოცხადებულ ბიზნესიდეების კონკურსში განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ ბიზნესიდეების კონკურსში განაცხადების მიღება 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება ვებ-გვერდის: www.qartuli.ge მეშვეობით არის შესაძლებელი. 

"საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.

სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესიდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:

1. წარადგინონ საკუთარი ბიზნესიდეა;

2. გაიღრმავონ ბიზნესუნარები;

3. გამოიყენონ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე - 1 მეწარმე; 10,000 ლარამდე - 2 მეწარმე; 15,000 ლარამდე - 3 მეწარმე.

2015 წლის 15-20 აპრილს აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.

პირველი საინფორმაციო სახის შეხვედრა დაგეგმილია 2015 წლის 15 აპრილს ქ. რუსთავში. 11.00 საათზე რუსთავის თეატრში (მისამართი ფიროსმანის ქ.N7) შეკრებილ საზოგადოებას ქეთევან ბოჭორიშვილი გააცნობს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის დეტალებს, ხოლო 15.00 საათზე გიორგი ციკოლია შეხვდება მარნეულის მოსახლეობას მარნეულის კულტურის სახლში (მისამართი რუსთაველის ქ. #10). საქართველოს მასშტაბით შეხვედრები 21 აპრილამდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს შემდეგ რეგიონებს: 16 აპრილს - სამცხე-ჯავახეთში ახალციხეს, ახალქალაქსა და ბორჯომს, 17 აპრილს - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ლენტეხსა და ცაგერს, 18 აპრილს - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ამბროლაურს, 20 აპრილს კი - იმერეთში საჩხერეს, ზესტაფონს, თერჯოლას, ბაღდათსა და ქუთაისს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.