NYT: - რუსეთი უცხოურ ჩიპებს სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების გავლით ყიდულობს

რუსეთი, სანქციების გვერდის ავლით, თავდაცვის მრეწველობისთვის საჭირო დასავლური ელექტროკომპონენტების იმპორტს მესამე ქვეყნებიდან ახორციელებს. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს სულ უფრო მეტად აშფოთებთ დასავლური საქონლის რუსეთში მოხვედრა სომხეთის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გავლით. კერძოდ, აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სომხეთმა აშშ-დან 515%-ით მეტი, ხოლო ევროკავშირიდან 212%-ით მეტი ჩიპისა და პროცესორის იმპორტი განახორციელა. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ სომხეთმა იგივე პროდუქციის 97% რუსეთში ექსპორტით გაიტანა.

სხვა დოკუმენტში მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა რვა კატეგორიის ჩიპები და კომპონენტები, რომლებიც რუსული იარაღის წარმოებისთვის კრიტიკულად საჭიროდ არის მიჩნეული და რუსული ფრთოსანი რაკეტის ერთ-ერთ მოდელში, Kh-101-შიც იქნა აღმოჩენილი.

გასული თვის ბოლოს აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გაცვალეს ინფორმაცია მილიონობით დოლარის ღირებულების აკრძალული ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც რუსეთში სანქციების გვერდის ავლით შედის. საგადასახადო და სავაჭრო სტრუქტურების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩიპების და სხვა ელექტრონული კომპონენტების გაყიდვები რუსეთში სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების გავლით მკვეთრად გაიზარდა. მათი თქმით, რუსეთის ფედერაციამ შეძლო, მიეღო განსაკუთრებით მგრძნობიარე კატეგორიის მიკროსქემები და სხვა ელექტრომოწყობილობები, რომლებიც იარაღის, მათ შორის რუსული ფრთოსანი რაკეტების დასამზადებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ იარაღს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

უკრაინაში შეჭრიდან მკვეთრი ვარდნის შემდეგ რუსული ჩიპების იმპორტი, განსაკუთრებით ჩინეთიდან, კვლავ გაიზარდა. ანალიტიკურ ცენტრ Silverado Policy Accelerator-ის მონაცემებით, ყოველთვიური იმპორტი ოქტომბრიდან იანვრამდე 50%-ს და ომამდელ საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მეტს შეადგენდა.

ახლახან გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის მეზობელი ქვეყნები სულ უფრო მეტ გერმანულ საქონელს ყიდულობენ და, სავარაუდოდ, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით მოსკოვზე ყიდიან.

ცნობისთვის: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე მუშაობს, რომელიც დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მექანიზმებსა და გზებს აღკვეთს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ