საბერძნეთის მთავრობა დეფოლტის გამოცხადებას უარყოფს

საბერძნეთის ხელისუფლებამ ასევე უარყო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მედიაში გავრცელებული ხმები.

საბერძნეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანა დეფოლტს გამოაცხადებს, თუ საერთაშორისო კრედიტორებთან ვალის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევს. "ბიბისის" ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ასევე უარყო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მედიაში გავრცელებული ხმები. 1 მაისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 203 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, 12 მაისს კი 770 მილიონი ევრო.

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ თვეში 2,4 მილიარდი ევრო უნდა გასცეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებისა და პენსიების სახით, თუმცა მთავრობას ფული აღარ აქვს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთი ვერ შეძლებს ვალის გადახდას ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე.