ოთარ შამუგია - სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა.

მინისტრის თქმით, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები. შესაძლებლობების გაზრდამ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება განაპირობა. მაგალითად, 10 წლის წინ 500-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გასულ წელს, სახელმწიფო კონტროლის რაოდენობამ თითქმის 31 ათასი შეადგინა. მიღებულია რძის, თაფლის, ფრინველის ხორცის, თხილის, სპირტიანი სასმელების, ხილის წვენების, შოკოლადისა და სხვა პროდუქტების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას,“- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას და მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.

გარდა ამისა, ოთარ შამუგამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 350-ზე მეტი კვლევაა დანერგილი, აქედან 95% რეფერენს მეთოდია.

„გამოწვევებთან ერთად, იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2022 წელს, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ხოლო 2023 წელს, ლაბორატორიას მიენიჭა რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი“, - განაცხადა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბიზნესოპერატორებს საშუალება ეძლევათ, მისი კონტროლი პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე მოახდინონ.