რუსეთის კრიზისი დსთ-ს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განცხადებით, რუსეთში ეკონომიკური კრიზისის ფონდზე, დსთ-ს ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების პროგნოზი გაუარესდება.

სსფ-ის პროგნოზით, 2015 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,8%-ით შემცირება და სამომხმარებლო ფასების 15,6%-ით ზრდა არის მოსალოდნელი, 2016 წელს კი რუსეთში ინფლაცია 9,8%-ს მიაღწევს, მშპ-ს შემცირება კი სავარაუდოდ 1,1 პროცენტი იქნება. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით შემცირდება, ასევე დსთ-ს ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია ინფლაცია.

"დსთ-ს ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ვარდნა რუსეთის კრიზისის გვერდითი მოვლენა იქნება", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. რაც შეეხება უკრაინას, სსფ-ის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკის ვარდნის ტემპი ამ წელს შენელდება. მშპ-ს ვარდნა კი 5,5%-მდე შემცირდება, წინა წლის 6,8 პროცენტთან შედარებით. 2016 წელს ექსპერტები უკრაინაში მშპ-ს ორპროცენტიან ზრდას პროგნოზირებენ.