„გადავანაწილოთ სამუშაო საათები, რომ ყველას ერთად არ უწევდეს ქუჩაში გასვლა“ - როგორ შეიძლება მობილობის შემცირება თბილისში

„გადავანაწილოთ სამუშაო საათები, რომ ყველას ერთად არ უწევდეს ქუჩაში გასვლა,“ - ასე ეხმაურება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დედაქალაქის ქუჩებზე მოძრაობის გადატვირთვას. მისივე თქმით, სამუშაო საათების გადანაწილება არის ერთ-ერთი ღონისძიება რომლითაც შეიძლება ქალაქის ქუჩებში მობილობა შემცირდეს.

„მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი გამზირის გადაკეტვას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოყვება გზების/მოძრაობის გადატვირთვა. თუმცა, 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას არ ვაპროტესტებ და ვერც გავაპროტესტებ, რადგან მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია. ვფიქრობ დედაქალაქის შემთხვევაში მობილობის პოლიტიკა ცალკე არის შესამუშავებელი, თუ გვინდა რომ გზების გადატვირთვა თავიდან ავიცილოთ. ძალიან ბევრი ადამიანია თავმოყრილი თბილისში. ჩვენი მთელი პრობლემა არის ის, რომ 1-ლი - ამდენი ავტომობილი არასდროს ყოფილა დედაქალაქში, მეორეს მხრივ კი, ინფრასტრუქტურა ვერ დახვდა მზად და შეიძლება, ვერც ვერასდროს იყოს მზად, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა არ იძლევა ბევრი ვარიაციის და გადაკეთების საშუალებას.

რაც შეეხება მობილობის პოლიტიკას, ახლა ვიმყოფები პოლონეთში, სადაც ასევე მუშაობენ ამ საკითხზე, რომლის პროცესში მეც ვარ ჩართული. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა ერთ დროს გავდივართ სახლიდან და ყველა ერთ დროს ვბრუნდებით უკან, სამუშაო საათები ასეა მოწყობილი. ჩემი მთავარი რჩევა, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მობილობის შესამცირებლად არის ის, რომ, გადავანაწილოთ სამუშაო საათები, რომ ყველას ერთად არ უწევდეს ქუჩაში გასვლა და ასევე შესაძლებელია არსებობდეს პროფესიების ჩამონათვალი, რომელთათვისაც გადაადგილება არ იყოს სავალდებულო და დისტანციურად მოხდეს მუშაობა. ამ ღონისძიებებს თან ერთვის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განვითარებული, საკმარისი რაოდენობის და ა.შ.,“- განაცხადა მესხიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომლის დასრულებაც 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.

თაია არდოტელი