საქართველოში მანქანების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 7 წელიწადში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში, მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.

3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების შეძენის მსურველების რაოდენობამ ქვეყანაში 6%-ით მოიმატა. 2010 წელს საქართველოში 693 ათასი მანქანა მოძრაობდა, ხოლო 2009 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 603 ათასს არ აჭარბებდა, ხოლო 2007 წელს 517 ათასს არ აღემატებოდა.

სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევით, რომელიც შსს-მ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ჩაატარა და 2012 წლის მდგომარეობას ასახავს, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.

არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. საერთო რაოდენობიდან 380 000 მანქანა 20 წელზე მეტი ხნისაა, ხოლო ახალი 3 წლამდე ავტმობილის რიცხვი 50 000-ს არ აღემატება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ ალტერნატიულ საშუალებებს უნა მიმართოს, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მისი ვარაუდით, ქვეყანაში კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.

მესხიშვილის აზრით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოტურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ”ავტომობილების მზარდი ტემპი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგი იყოს, მაგრამ რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ავტომობილს ყიდულობს ყველა, სჭირდება თუ არ სჭირდება. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგედ მიიღო ის, რომ ათასობით მანქანა გაჩერდა”, - აცხადებს მესხიშვილი.

ავტოპარკის გადახალისება ახალი, ეკონომიური და ეკოლოგიის კუთხით ნაკლები ზიანის მომტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, დადებითი ფაქტორია. ის ფაქტი, რომ უმეტესი ავტომობილი მეორადი მოხმარებისაა და ქვეყანაში არ არსებობს ავტომობილების ტექშემოწმების სისტემა (რომლის ხელახლა დანერგვაც 2017 წლისათვის გადაიდო), ჩვენს ქალაქზე და მის მცხოვრებლებზე უარყოფითად აისახება.

”საქართველოში დაახლოებით 50 000 ტაქსი მოძრაობს. იმის გამო, რომ ტაქსისტები თვითდასაქმებულები არიან, ზუსტი აღრიცხვა არ ხდება. ამასთან, თითქმის ყველა ტაქსი არის ძველი ავტომობილი. სულ საქართველოში 350 ათასი ავტომობილია, რომელსაც ხანდაზმულობის გამო ტექდათვალიერების გავლის შესაძლებლობა არ ექნება. რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ, რომ საქართველოში ავტომობილებზე მთხოვნის არნახული ზრდა შეჩერდეს. როდესაც ოჯახში 4 ავტომობილი ჰყავთ, მოძრაობის განტვირთვაზე საუბარიც ზედმეტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარდა, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეკონომიური ავტომობილების პოპულარიზაციაც”, - დასძენს მესხიშვილი.

ავტოექსპერტი, ჟურნალ ”ავტობილდის” რედაქტორი შალვა ბუაჩიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში კიდევ მოიმატებს, მაგრამ ის პრობლემას ვერ ხედავს. ბუაჩიძე ფიქრობს, რომ ქაოსური მოძრაობის საკითხი ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს.

”საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად, მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ეჭვით ვუყურებ. ქართველი კაცი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იმგზავრებს, ეს გამორიცხულია. ქაოსური მოძრაობის პრობლემა ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მძიმე. ხალხს გაუჩნდა საშუალება და ავტომანქანებს ყიდულობს, ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სპეციალისტების აქტიური და სწორი ჩარევით, ალბათ, საცობებთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება”, - აცხადებს ბუაჩიძე.

”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”  ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

”იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და საცობებისგან გავთავისუფლდეთ, ესტაკადების მშენებლობა საკმარისი არ არის. ”ჭკვიანი შუქნიშნების” დამონტაჟება, ორმხრივი მოძრაობის ქუჩების გახსნა და სხვა, მხოლოდ დროებით თუ მოაგვარებს პრობლემას. საჭიროა გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და აქცენტი მანქანების რაოდენობის შემცირებაზე გავაკეთოთ. ევროპული ქვეყნების სტრატეგია მიმართულია იქითკენ, რომ ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს ქალაქში, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი იარონ ფეხით ადამიანებმა. ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება ავტომობილების რაოდენობა. ის ღონისძიებები, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ტარდება, არ არის საკმარისი. ამას უფრო კომპლექსური მუშაობა სჭირდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზეც”, - აცხადებს ლალიაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ავტომობილების შთამბეჭდავი რაოდენობა არც დედაქალაქში მყოფი უცხოელებისთვის არის შეუმჩნეველი. განსაკუთრებით ამ ფაქტს ჩინელები გაუოცებია. ამას წინათ ერთ-ერთი ჩინური კომპანიის თანამშრომლისგან სრულიად შემთხვევით მოვისმინეთ, თუ როგორ იქცა რიგითი ჩინელის წარმოსახვაში საქართველო უცნაურ ქვეყნად:

”ხალხს ძალიან უჭირს, თითქმის ყველას აქვს ბანკის ვალი, მაგრამ ჰყავთ ავტომობილები, ბევრს - ძვირადღირებულიც”, - ასეთია ერთ-ერთი ჩინელის აზრი საქართველოზე, რითაც მან ჩვენი ქვეყანა სამშობლოში დარჩენილ ახლობელს გააცნო.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”