ოთარ შამუგია გიორგი ვაშაძეს - ჭიათურაში ნამყოფი ვარ, ვერ შეგითანხმებთ, სად და როდის დავდივარ - იქ არსებულ რეალობას ერთ დღეში ვერ შევცვლით

ჭიათურაში ნამყოფი ვარ. ვერ შეგითანხმებთ, სად და როდის დავდივარ - ჩვენ ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით რეალობას, არის საკითხები, რომელთან მიმართებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის კითხვას, რომელიც ჭიათურაში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

შამუგიას განმარტებით, მათ განახორციელეს გარკვეული ღონისძიებები, რაც ეხება მდინარის გაწმენდით სამუშაოებზე დაკვირვებას, რეკულტივაციას, ოჯახების განსახლებას და ტერიტორიის მონიტორინგს, ხოლო რამდენად ჰქონდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევას ადგილი, ამის ინსპექტირებას ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

„ნამდვილად ვარ ჭიათურაში ნამყოფი და რატომ ამტკიცებთ, რომ არ ვარ ნამყოფი, არ მესმის და რატომ გაინტერესებთ... დიახ, მინისტრის რანგში ვარ ნამყოფი. რას ნიშნავს თარიღი გითხრათ? მე ვერ შეგითანხმებთ ნამდვილად სად და როდის დავდივარ. თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება იქ და ამაზე უნდა დასვათ კითხვა, როდის ვიყავი იქ და როდის სად დავდივარ, ამაზე ანგარიშს ნამდვილად ვერ ჩაგაბარებთ. იგივე რიტორიკა იყო შარშანაც. საუბარს იმით იწყებთ, რომ ჭიათურაში ვიყავი თუ არა, ამით თითქოს თქვენთვის რაიმე იცვლებოდეს. გიპასუხებთ, რა ხდება და რა მდგომარეობაა. იქ გასული საუკუნეებიდან იცით, რომ მიმდინარეობდა სამთო სამუშაოები, შემდგომ უკვე გეოლოგიურმა პროცესებმა და სხვა ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია ის პროცესები, რასაც ჩვენ იქ ვხედავთ. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდანვე ჩაერთო ამ პროცესში. შეიქმნა კომისია, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციის, მიმართულების სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, კონკრეტული ოჯახების განსახლებასა და შემდგომ მონიტორინგთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ამ ტერიტორიის მონიტორინგს. სხვა შესაბამისი უწყებები და სამსახურები მათი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ღონისძიებებს, რაც შეეხება განსახლებას თუ სხვა საკითხებს.

„ჯორჯიან მანგანეზს“ რაც შეეხება, დიახ, მმართველს არ ჰქონდა კონკრეტული გეგმა და ამ გეგმასთან მიმართებით არის ღონისძიებები, რაც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. მოდით, აქაც რეალურად შევხედოთ მოვლენებს, ეს არის ძალიან დიდი ხნის მემკვიდრეობა და ჩვენ ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით რეალობას. თანმიმდევრული უნდა ვიყოთ. არის საკითხები, რომელთან მიმართებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ სულ ახლახან ვაკვირდებოდით მდინარის გაწმენდით სამუშაოებს, არის გარკვეული ღონისძიებები განხორციელებული რეკულტივაციის კუთხით, თუმცა, არის, რა თქმა უნდა, გეგმასთან მიმართებით შეუსრულებელი ვალდებულებები. ამის დეტალური მონიტორინგი კეთდება სამსახურების მიერ. ამჟამად ხდება შეფასება იმ გეგმის, რაც უნდა განხორციელებულიყო. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამის ინსპექტირებას ახორციელებს და გვექნება სრული სურათი, თუ რა გაკეთდა და ვერ ან არ გაკეთდა. სად შეიძლება გარემოს დაცვით კანონმდებლობის დარღვევას ჰქონდეს ადგილი ან არ ჰქონდეს. შესაბამისი სპეციალისტები ნახავენ ინსპექტირების პერიოდში და შემდგომ გვექნება ამაზე საშუალება ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა შამუგიამ.

ინფორმაციისთვის, სხდომაზე გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, ოთარ შამუგია მინისტრის რანგში ნამყოფია თუ არა ჭიათურაში. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა, ხოლო ამ სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან „ჭიათურ მანგანუმს“ სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, თუმცა, ვითარება არ უმჯობესდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.