სამხრეთ ევროპა გვალვას ებრძვის - როგორი იქნება მოსავალი

წლევანდელმა უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა სამხრეთ ევროპა გვალვამდე მიიყვანა. ამ მიზეზით კი, წამყვანმა მწარმოებლებმა ბევრი კულტურის მოყვანაზე უარი თქვეს, რადგან წყალი სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის, სულ უფრო დეფიციტური ხდება. აღნიშნულ პრობლემაზე EastFruit-ი წერს.

იტალიელი და პორტუგალიელი ფერმერების პირობები უარესდება, ასევე გვალვამ დააზიანა ესპანეთის სასოფლო მიწების დაახლოებით 60%, რაც შესაბამისად მოსავალზე აისახება.

მოსალოდნელია, რომ პროდუქტის დარგვის შეფერხება გავლენას მოახდენს ხილისა და ბოსტნეულის მოსავალზე, რადგან რეგიონი ზედიზედ მეორე წელია გვალვას ებრძვის.

ძირითადი პროდუქტების შემცირებამ, როგორიცაა მაგალითად პომიდორი, შეიძლება გააძვიროს ფასები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ისედაც მაღალი იყო, მიუხედავად ინფლაციის შენელებისა.

„მდინარე პოს რეგიონში (იტალია) დარგვა ტრადიციულად იწყება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, მაგრამ ახლა ნიადაგი ძალიან მშრალია“, - თქვა მასიმილიანო ჯიანსანტიმ, იტალიური ფერმერული ჯგუფის Confagricoltura-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, გასულ ზაფხულს იტალიის უდიდეს მდინარის წყლის დონემ 70-წლიან მინიმუმს მიაღწია და ამ მხარეში ბევრმა ფერმერმა დაკარგა მოსავალი სიცხისა და გვალვის გამო.

ფერმერთა ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთი უკვე განიცდის შეუქცევად ზარალს 3,5 მილიონ ჰექტარზე მეტ წვიმიან კულტურებზე. დაზარალდა კაკლის ბაღები და ვენახებიც, უყვავილობა კი ფუტკრებს თაფლის გამომუშავებაში უშლის ხელს.

ჯანსანტი თვლის, რომ წლევანდელმა გვალვამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ისეთი მომგებიანი პროდუქტის საგაზაფხულო მოსავალს, როგორიცაა პომიდორი და ხილი. ინდუსტრია, რომლის წლიური გაყიდვები 20 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ექსპორტი თითქმის 8 მილიარდი ევროა.

საფრთხე ემუქრება ასევე სოიოს და სიმინდის წარმოებას, რაც საბოლოო ჯამში, ხორცისა და ფრინველის მწარმოებლებს ხარჯებს ზრდის.

ეკა დარჩიაშვილი