"ალდაგი" აგროდაზღვევაზე საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში "ალდაგი" ქვემო ქართლის რეგიონში მყოფ ფერმერებს ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების დაზღვევას სთავაზობს. აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს - სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აანაზღაურებს. "ალდაგს" აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ სახეობაში 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.

"აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე). მაგალითისთვის, კარტოფილის მოსავლის დაზღვევისათვის, ფერმერმა თუ მოსავლის სახით 1 ჰა-ზე უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 15000 ლარს, ფერმერს ამ თანხის 3,4 % ანუ 510 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს 765 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა კარტოფილის მოსავლის დაზღვევისთვის, კი ფერმერს მაქსიმუმ 20,4 ლარის გადახდა მოუწევს", - ნათქვამია განცხადებაში.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოსთან" და "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ "კრედოს" და "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.