3 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 256 მიწის ნაკვეთი იყიდეს - როგორია გასული წლის მაჩვენებელი

წელს საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების თითქმის 62% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 038 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, აქედან 1 256 რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრება გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყნის ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებიც 2023 წელს საქართველოში შეძენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობით მოწინავეა:

  • რუსეთი 1 256 მიწის ნაკვეთი, 447 მესაკუთრე
  • სომხეთი - 164 მიწის ნაკვეთი, 47 მესაკუთრე
  • საბერძნეთი - 154 მიწის ნაკვეთი, 58 მესაკუთრე
  • უკრაინა - 70 მიწის ნაკვეთი, 26 მესაკუთრე
  • გერმანია - 54 მიწის ნაკვეთი, 21 მესაკუთრე

რაც შეეხება 2022 წელს, შარშან 12 თვის განმავლობაში საქართველოში 2 702 მიწის ნაკვეთი რუსეთის 1 241 მოქალაქემ დაირეგისტრირა, სომხეთის 73-მა მოქალაქემ 248 მიწის ნაკვეთი, უკრაინის 64-მა მოქალაქემ 118 მიწის ნაკვეთი, საბერძნეთის 60-მა მოქალაქემ კი შარშან 133 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

რაც შეეხება სხვა ქონებას, რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს 14 კომერციული ფართი შეიძინეს, სულ უცხოელებმა კი 41.

417 არაკომერციული ფართიდან წელს 3 თვეში რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში 152 ფართი დარეგისტრირდა.

იხილეთ ასევე:

3 თვეში საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი ბინების 42% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

თამარ მუკბანიანი