ჩინეთში ყოველი 25 ადამიანიდან ერთი China State Construction-ის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობს - რას წარმოადგენს რიკოთის მშენებელი ჩინური კომპანია

რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს ჩნური კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited აშენებს. სწორედ აღნიშნული კომპანიის არასწორად განხორციელებულ სამუშაოებს უკავშირებენ უღელტეხილზე ქვათაცვენის რამდენიმე ფაქტს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როდის დაფუძნდა, სად საქმიანობს და ზოგადად, რას წარმოადგენს ეს კომპანია.

China State Construction

ჩინური საინვესტიციო კორპორაცია China State Construction Engineering Corporation, შემდგომში China State Construction (CSCEC) ოფიციალურად 1982 წელს დაარსდა. კორპორაცია ბირჟის კოტირებულ სიებშია და 8 საჯარო კომპანიასა და 100-ზე მეტ შვილობილ ჰოლდინგს ფლობს.

2021 წელს China State Construction-ის მიერ ხელმოწერილი ახალი კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 3,53 ტრლნ იუანი (512,17 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 10,3%-ით მეტია. კომპანიის ბრუნვამ 1,89 ტრლნ იუანს (274,22 მლრდ დოლარს) მიაღწია, რაც წლიური გამოთვლით 17,1%-ით მეტია. კომპანიის სუფთა შემოსავალი 51,41 მლრდ იუანი (7,5 მლრდ დოლარი) იყო, რაც წინა წელზე 14,4%-ით მეტია. თითო აქციაზე კორპორაციის მოგებამ 1,25 იუანი (0.18 დოლარი) შეადგინა და წინა წელთან შედარებითრაც 16,8%-ით გაიზარდა.

China State Construction გლობალურ სამშენებლო ინდუსტრიის საწარმო გახდა, რომლის ახალი კონტრაქტების ღირებულებამ და წლიურმა შემოსავალმა მთლინობაში 1 ტრლნ იუანს (145 მლრდ დოლარს) გადააჭარბა. Fortune Global 500-ის 2022 წლის რეიტინგში კორპორაცია მე-9 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ჩინეთის 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში მე-3 ადგილი დაიკავა. ასევე, ჟურნალ Engineering News Record-ის (ENR) 2021 წლის შეფასებაში 250 გლობალურ სამშენებლო კონტრაქტორებს შორის China State Construction-მა პირველი ადგილი დაიკავა.

კორპორაცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში საქმიანობს. მისი ბიზნესინტერესები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის უძრავი ქონების ინვესტიციები, საბინაო, ინფრასტრუქტურული, კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა და საპროექტო-მოძიებითი სამუშაოები ისეთ ახალ სფეროებში, როგორიც არის „მწვანე“ მშენებლობა, ენერგიის დაზოგვა, გარემოს დაცვა და ელექტრონული კომერცია.

ჩინეთში China State Construction-ის მიერ აშენებული ცათამბჯენების 90%-ზე მეტი 300 მეტრზე მაღალია. კორპორაციამ, ასევე, ააშენა ძირითადი აეროპორტების 3/4, თანამგზავრების გაშვების ადგილების 3/4, ურბანული საკომუნიკაციო გვირაბების 3/4 და ატომური ელექტროსადგურების 1/2. კომპანიის გამოთვლით, ჩინეთში ყოველი 25 ადამიანიდან ერთი მოქალაქე China State Construction-ის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობს.

China State Construction არის ჩინეთის მიერ 2013 წელს შექმნილი „აბრეშუმის გზის“ ახალი ორგანიზაციის, „ერთი სარტყელი ერთი გზის ინციატივის“ (Belt and Road Initiative) წარმომადგენელი და ლიდერი. კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავიდა და დღეს საზღვარგარეთ, თითქმის, 10 000 მენეჯერი და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ