თებერვალთან შედარებით, მარტში საკვები პროდუქტები და თამბაქო 2,3 %-ით გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებზე(სასმელების ჩათვლით), თამბაქოს წარმოებაზე , ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის მარტის ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2015 წლის მარტში 2015 წლის თებერვალთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,0 %-ით გაიზარდა. ინდექსი გაზრდილია 2014 წლის მარტთან შედარებით 7,2 %-ით და 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 74,4 %-ით.

"2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 0,8 %-ით ზრდამ, რაც ინდექსის

პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (2,3%) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (4,7 პროცენტი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე (-4,3 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-1,2 პროცენტი)", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. "დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 9,3 %-ით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (16,5 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7,7 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (32,5 პროცენტი). ფასები 19,9 პროცენტით შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 3,4 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.