“გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტხანს აპირებს დარჩენას” – „თიბისი კაპიტალი“

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის შედეგები შეჯამდა. ასევე, განხილულ იქნა 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები;

“ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილების ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.

ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ - საერთაშორისოა, 29% - ქართული, 22% - კი რუსული. ასევე გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი - 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას“ - წერია კვლევაში.

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი, „თიბისი კაპიტალის“ ვერსიით, 2023 წელს - 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში - 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება.

„თიბისი კაპიტალის“ გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.60, 2024-ში კი - 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.

„რომ შევაჯამოთ, „თიბისი კაპიტალის“ 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებ სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ“ ნიშნულს გასცდა.

რაც შეეხება „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ განახლებას, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორის ყველა ქვედარგში (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) დანახარჯების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აღნიშნული პროდუქციის გაზრდილი მოხმარებით, მიგრანტების დასახლებითა და ტურიზმის ძლიერი აღდგენით იქნება გამოწვეული“ - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტი დანახარჯი სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე - 21.8 მილიარდი ლარი, შემდეგ კი გარეთ კვებაზე - 4.6 მილიარდი ლარი მოდის. გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ხარჯვა სწორედ სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, აღნიშნული მონაცემი 2022 წელს - 18.6 მილიარდ ლარს, 2021 წელს კი 13.6 მილიარდ ლარს შეადგენდა. სამომხმარებლო სექტორში მოსახლეობის დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2023 წელს შენარჩუნდება და 15%-ით გაიზრდება.

"მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც 115 000-ია, თუმცა მიმდინარე წელს, მათი დანახარჯებში წილის 5.8%-მდე - 1.66 მილიონ დოლარამდე მატებაა მოსალოდნელი" - წერია სტატიაში.

ეკა დარჩიაშვილი