მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანსა და სოფელ მირზაანში შიდა ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ გურჯაანსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში - ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამავდროულად სოფელ მირზაანში შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის ღირებულება 1 493 156.73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გემგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.  "რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებში ჯამში 3,1 კმ გზის მოასფალტება მოხდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება", - აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში, ბესიკის ქუჩის სიგრძე 855 მ-ია, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაიგო, ასევე მოხდა 2212 გრძივი კანალიზაციის ქსელის გამოცვლა. გარდა ამისა, მოეწყობა 1641მ² ტროტუარი. ბარათაშვილის ქუჩის სიგრძე - 453 მეტრია. ქუჩაზე მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი და 884 მ² ტროტუარი. ჭავჭავაძის ქუჩის სიგრძე - 840 მეტრია, აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ასევე გაკეთდება მიერთებები და მოეწყობა 400 მ² ტროტუარი.

ფონდის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩების გარდა, პროექტის ფარგლებში, სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება, რომლის სიგრძე 912 მეტრია.