ნათია მიქელაძე: ავიამიმოსვლაზე გაჭიანურებული კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო შეთანხმება გუშინ მოხდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ნათია მიქელაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ შარშან წლის ბოლოდან და წლის დასაწყისში ორი შეხვედრა გაიმართა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკურ კონსულტაციებზე: "გაჭიანურებული კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო შეთანხმება გუშინ მოხდა. სიხშირეები განისაზღვრა, ანუ ეს არის 18 სიხშირე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე და კვირაში 21 სიხშირე უკვე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე".

მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მგზავრთნაკადის 49%-იანი ზრდაა, "თან იმ ფონზე, როდესაც ეს ყველაზე ცუდი პერიოდია ავიაციაში, შესაბამისად, ზაფხულში სეზონზე მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით". მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიხშირეები სრულად იქნება ათვისებული.

"ქართული კომპანიების, მომხმარებლების, ქვეყნის ინტერესები - ეს ყველაფერი, ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში იქნება დაცული. პირველ რიგში, აქ საუბარია მომხმარებლებზე, ქვეყნის ინტერესებზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე და რა თქმა უნდა, ქართული ავიაკომპანიების ინტერესებზე, რომ კონკურენტულ გარემოში შეძლონ მათ ამ მიმართულებით ფრენები", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, თბილისი-მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც, კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში განახორციელონ. "ამ ეტაპზე ეს არის საბოლოო შეთანხმება. ქართული ავიაკომპანიების ინტერესების გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებლების ინტერესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ტურისტული ნაკადის ზრდა, რომელსაც ჩვენ მოველით ზაფხულის სეზონზე, ამიტომ ერთობლიობაში ვფიქრობ, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეთანხმებული მეორე მხარესთან", - განაცხადა მიქელაძემ.