ერდოღანი - თურქეთის შავი ზღვის გაზის მარაგები თითქმის 1 ტრლნ დოლარადაა შეფასებული

თურქეთის დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგი შავ ზღვაში 500 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდეა შეფასებული - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ცერემონიალში, რომელიც თურქეთისთვის შავი ზღვის გაზის მიწოდების დაწყებას მიეძღვნა. ცერემონია გაიმართა ზონგულდაკის პროვინციაში, გაზის გადამამუშავებელ კომპლექსში Filyos. საწყის ეტაპზე ამ საბადოდან დღეში 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვება იგეგმება. პროექტის სრული სიმძლავრის მიღწევისას, ანუ 60 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში, თურქეთის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის ბუნებრივი აირის საჭიროების 30%-ის დაფარვას.

შავ ზღვაში თურქეთის მიერ შესწავლილი გაზის მარაგი შეადგენს დაახლოებით 710 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც საკმარისია შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საყოფაცხოვრებო დონეზე 35 წლის განმავლობაში, - განაცხადა მანამდე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა.

კოკა კვირკველია