ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს კახეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს კახეთის რეგიონში მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო.

აღნიშნული პროექტების შესახებ მთავრობის მეთაურმა სიღნაღში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელთაც ახალი პროექტი "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" გააცნო.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 224 მილიონ ლარს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაცემულია 10 122 სესხი - საერთო ღირებულებით 443 მილიონი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, რომლებისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. გარდა ამისა, ჩვენ გადავაიარაღეთ 267 საწარმო და ამისთვის გამოვყავით 53 მილიონი ლარი. დამატებით, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კახეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსდა კიდევ 1 საწარმო, რომლისთვისაც გაიცა სესხი მილიონ 340 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ბოლო 2 წლის განმავლობაში 209 829 ბენეფიციარმა მიიღო 43 მილიონზე მეტი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 6 მილიონი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით. წელს ამავე პროექტის ფარგლებში, 99 ათას 591 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 9 მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ღირებულების სარგებელი. ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში მოხნულია 10 ათასი ჰექტარი მიწა. მნიშვნელოვანია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც 90%-მდე დააზღვევს მოსავალს. წლების განმავლობაში ეს იყო მოუგვარებელი პრობლემა. ამას გარდა, ჩვენ ავამუშავეთ აგროდაზღვევის პროექტი. მარტო კახეთში გაიცა 4 056 პოლისი და დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ 86 მილიონზე მეტი შეადგენა. აქვე გეტყვით, რომ 2012 წელს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სისტემების 16 ობიექტზე შესრულდა 2 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები. 2013 წელს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა 94 კმ სამელიორაციო არხი. სულ მოწესრიგდა 413 ერთეული სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 3 ობიექტზე შესრულდა 742 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიღებულმა შედეგმა წყალუზრუნველყოფილი ფართობი გაზარდა 1500 ჰექტარით, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობი - 924 ჰექტარით. 2014 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 170 კილომეტრი სარწყავი არხი და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 300-მდე სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში 2014 წელს კახეთში განხორციელდა 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ-ნახევარი ლარია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სამუშაოები მიმდინარეობს 3 ობიექტზე, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა. "სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით 2  376 ჰექტარი მიწა იქნება წყალუზრუნველყოფილი, ხოლო დაშრობა შესაძლებელი გახდება დამატებით 3 ათას ჰექტარზე. იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთ ახალ ობიექტზე, საერთო ღირებულებით 12-მილიონ-ნახევარი ლარი. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მსოფლიო ბანკმა უნდა გამოყოს 50 მილიონი დოლარი, საიდანაც მარტო კახეთის რეგიონის ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება დაახლოებით 10 მილიონი ლარი. კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 58 კოოპერატივს, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მემარცვლეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა", - აღნიშნა პრემიერმა.