„ჭკვიანი კამერები ტექინსპექტირების რეფორმის აქილევსის ქუსლად იქცა - ნაკლებად ერევიან პატრულ-ინსპექტორები ამ კუთხით და არ ხდება ადმინისტრირება“

„ჭკვიანი კამერები ტექინსპექტირების რეფორმის აქილევსის ქუსლად იქცა. რეალურად ადმინისტრირება მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება. ნაკლებად ერევიან პატრულ-ინსპექტორები ამ კუთხით და არ ხდება ადმინისტრირება გზებზე“,- ამის შესახებ "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

„რეფორმის ძირითადი მიზანი იყო საგზაო შემთხვევების შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ ვითარებაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ტექინსპექტირებაზე ნახევარი არ ცხადდება, რა თქმა უნდა, ძნელია რეფორმის შედეგებზე ისაუბრო. თუმცა, თუ ჩვენ გავიხსენებთ, რა ვითარება იყო რეფორმის დაწყებამდე, 2018 წლამდე, რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დადიოდნენ, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ვნახავთ, რომ ნამდვილად შეცვლილია სურათი ამ კუთხით.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი და აქ მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის.

ზოგადად, ეს ჭკვიანი კამერები ტექინსპექტირების რეფორმის აქილევსის ქუსლად იქცა. რეალურად ადმინისტრირება მხოლოდ მათი მეშვეობით ხდება. ნაკლებად ერევიან პატრულ-ინსპექტორები ამ კუთხით და არ ხდება ადმინისტრირება გზებზე. კამერებიც შესაძლოა, გარკვეულწილად ხარვეზებით მუშაობდნენ გზებზე, შესაბამისად, პრობლემები არსებობს. იგივე, ჩვენი მონაცემებით, იცით, რომ 500 000-ზე მეტი დაჯარიმდა ჭკვიანი კამერების მეშვეობით, თუმცა, ესეც გარკვეულ ლოკაციებზეა, არ მოიცავს სრულიად საქართველოს და მათი გაუმართაობა დაღს ასვამს ტექინსპექტირების რეფორმას. აქედან გამომდინარე, ესეც, სხვა კომპლექსურ მიდგომებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში“,- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

ნინი ქეთელაური