ოთარ დანელია ვიზიტით ლატვიაში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია - "სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემები - აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება" დღეს ქალაქ რიგაში გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ექსტენციის ცენტრების როლისა და აქტიური ჩართულობის მიმართულებით.

კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფუნქციონირებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ გააკეთა მოხსენება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა ცენტრებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დახმარება გაუწიონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

"ლატვია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყნებმა წარმოადგინეს საინფორმაციო-საკონსულტაციო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. მომავალში აგრარული დარგის განვითარებისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება", - აღნიშნა ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იანის დუკლავსიმ.

ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშეს, ხუან ეჩანოვეს განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების შესრულებაში, რაც გულისხმობს დარგის მოდერნიზებას, კვალიფიციური კადრების ჩართულობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ვიზიტის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები ლატვიის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და სასწავლო - ტრენინგ კურსების ჩატარებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობის, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის, ბიზნესგეგმების შედგენის, კვლევების ჩატარების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით.