”2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა”

2013-2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებსაც ახალი პროექტი "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" გააცნო.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი - 175 მილიონზე მეტი.

"ჩვენმა მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გამოაცხადა და სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისობრივად განსხვავებული სისტემის გატარებით მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება. 2013 წელს სახელმწიფო სუბსიდიამ 32-მილიონ-ნახევარი ლარი შეადგინა, 2014 წელს კი - 31 მილიონზე მეტი. შეღავათიანი აგროკრედიტების ფარგლებში გაიცა 22 მილიონი დოლარი, რამაც ღვინის ინდუსტრიაში 56 კომპანიას ტექნიკური გადაიარაღებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობა მისცა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მევენახეებმა ყურძენი მაქსიმალურად მაღალ ფასად ჩააბარეს. 2013 წელს რქაწითელის საშუალო ფასი იყო 1 ლარი და 5 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი იყო 1 ლარი და 33 თეთრი. საფერავის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 24 თეთრი, დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ფასიც - 2 ლარი და 10 თეთრი.

2014 წელს რქაწითელის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 5 თეთრი, რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა 1 ლარი და 50 თეთრი. საფერავის საშუალო ფასი იყო 2 ლარი და 35 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი იყო 3 ლარი და 40 თეთრი. 2013-2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს. 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი - 175 მილიონზე მეტი. ჯამში მხოლოდ კახეთში, მხოლოდ რთველზე მოსახლეობამ 275 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.