Alphabet-ის შემოსავლებმა 69 მილიარდს გადააჭარბა

2023 წლის პირველ კვარტალში Google-ის მფლობელი ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

Alphabet-ის შემოსავალმა ამ პერიოდში 69,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. CNBC-ის ცნობით, კომპანიის მონაცემებმა გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ კომპანიის შემოსავალი არ იქნებოდა 68,9 მილიარდ დოლარზე მეტი.

3-თვიან პერიოდში Alphabet-ის წმინდა მოგებამ 15,05 მილიარდი დოლარი შეადგინა. CNBC-ის ცნობით, ამ კრიტერიუმის მიხედვით, კომპანიის მონაცემები გასული წლის პირველ სამ თვესთან შედარებით დაბალია (16,43 მილიარდი დოლარი), მაგრამ მან ასევე გადააჭარბა ექსპერტების მოლოდინს.

Google-ისა და Alphabet-ის დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, რომ კორპორაციის მენეჯმენტი „კმაყოფილია პირველი კვარტლის შესრულებით“. მან აღნიშნა, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საძიებო და ღრუბლოვან სისტემებზე მოდის.

კოკა კვირკველია