კრემლი უცხოეთში მყოფ რუს ბლოგერებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს

რუსი ბლოგერები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და უცხოურ პლატფორმებზე კონტენტს აქვეყნებენ, რუსეთიდან მიღებულ შემოსავალზე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან. ამ ინიციატივით ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო გამოდის, რაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მცოდნე და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ „ვედომოსტის“ დაუდასტურა.

24 აპრილს მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი მოითხოვს, დაზუსტდეს პირობები, რომლითაც საზღვარგარეთ რუსების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი რუსეთში დაბეგვრას დაექვემდებარება.

კანონპროექტის თანახმად, თუ სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული იქნება რუსული დომენები, ქსელის მისამართები ან სერვერები, მაშინ ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადს დაექვემდებარება შემდეგი სამი პირობიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში: კერძოდ, თუ ფიზიკური პირი რუსეთის საგადასახადო რეზიდენტია, ანუ ქვეყანაში ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, შემოსავალი რუსეთის ბანკის ანგარიშზე დაერიცხა და გადახდის წყარო, ანუ შემკვეთი რუსული ორგანიზაცია ან ინდმეწარმეა.

ამჟამად, მაგალითად, ვებდიზაინერი, რომელიც რუსეთის არარეზიდენტია და საზღვარგარეთიდან რუსული კომპანიის შეკვეთას ასრულებს, გადასახადს არ იხდის, რადგან ეს რუსეთის ფედერაციაში საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად არ ითვლება. ამდენად, ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს იმ შემოსავლის კონტურის გაფართოებას, რომელიც რუსეთში მიღებულად ითვლება, ანუ ინტერნეტის რუსული სეგმენტი მიღებული შემოსავლის მიხედვით რუსეთის ტერიტორიას გაუთანაბრდება.

უცხოური პლატფორმებით მოსარგებლე ბლოგერებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესება ჯერ კიდევ 2021 წელს იგეგმებოდა. მაშინ დაბეგრილ პლატფორმებად YouTube, Instagram, Facebook, Twitter, TikTok და სხვა უცხოური იურიდიული პირები სახელდებოდა. მათ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადი იმ რეკლამიდან მიღებული შემოსავლიდან უნდა გადაეხადათ, რომლებიც რუსი ბლოგერების ბლოგებზე იყო განთავსებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ