ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ

საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა "საგადასახადო კოდექსში" უახლოეს მომავალში იგეგმება.

როგორც bpn.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ს თანხის გადახდის 30-დღიანი ვადა 45-დღემდე გაუხანგრძლივდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდისა და დეკლარირების ვადები ერთმანეთს დაემთხვევა და ხორბლის იმპორტიორები მხოლოდ მაშინ გადაიხდიან დღგ-ს, როცა ისინი პროდუქციის რეალიზაციას განახორციელებენ.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხორბლის მარაგების შექმნას და ბაზარზე ფქვილისა და შესაბამისად, პურის ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს.

როგორც სილაგავამ bpn.ge-ს განუცხადა, აღნიშნული ნორმა ადრე მოქმედებდა და წინა წლის ოქტომბერში მოიხსნა. "მანამდე ამ ნორმას საბაჟოზე იმპორტის დროს დღგ-ს გადახდის წესი ეწოდებოდა და არა მხოლოდ ხორბალს, არამედ ყველა პროდუქტს ეხებოდა, ანუ ვინც "ოქროს სიაში" იყო და 200 000 ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, მათ დღგ-ს გადახდა რეალიზაციის შემდეგ შეეძლოთ. ამ წესის გაუქმება მოტივირებული იყო იმით, ხომ არ იჩაგრება ადგილობრივი წარმოება იმპორტის განმახორციელებლებთან მიმართებაში. ეს იყო ზოგადი წესი, რომელიც ყველა დარგს ეხებოდა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ შეიძლება დავეთანხმოთ ამ მოტივაციას, თუმცა ხორბალთან მიმართებაში ამას ჩვენ არ ვეთანხმებოდით, რადგან თუ სხვა დარგებზე ვილაპარაკებთ, შესაძლოა, ვიღაც იჩაგრებოდა, მაგრამ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან, მათ შორის, ხორბლის მიწოდებაც, აქედან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში მიგვაჩნდა, რომ ეს მიზეზი სწორი არ იყო", - განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, ეს ნორმა ხორბლის იმპორტიორებს მარაგების გაკეთების საშუალებას აძლევდა. "საქართველოში მოხმარებული ხორბლის წლიური რაოდენობის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ იმ პერიოდში, ანუ სეზონზე (ივნისის თვიდან იწყება ხორბლის აღება რუსეთში, უკრაინაში და ცოტა მოგვიანებით ყაზახეთში), როდესაც ხორბლის ფასი არის დაბალი, შემოვიტანოთ ხორბალი, დავასაწყობოთ და დღგ გადავიხადოთ მაშინ, როდესაც რეალიზაციას მოვახდენდით, ანუ მიწოდებას განვახორციელებდით უკვე ფქვილად გარდაქმნაში. ეს ნორმა ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ფასთან მიმართებაში კრიზისული პერიოდის დროს, ასევე ლარის კურსის დოლართან მიმართებაში რყევებისას, როდესაც ახალი შემოდინებები უფრო ძვირია, ძველი მარაგების ხარჯზე ახალი შემოდინებების ფასი დავაბალანსოთ. აქედან გამომდინარე, ფქვილის და შესაბამისად, პურის, როგორც სოციალური პროდუქტის ფასი, იქნებოდა სტაბილური. ჩემი აზრით, ეს იყო რამაც ახლა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ძირითადი მოტივაცია იქონია. ეს ცვლილებები ხორბლის მარაგების შექმნას და ბაზარზე ფქვილისა და შესაბამისად, პურის ფასების დასტაბილურებას ნამდვილად შეუწყობს ხელს", - განაცხადა სილაგავამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება.

ნათია რუხაძე