”ფემენის” აქტივისტი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს დაესხა თავს

”ფემენის” აქტივისტმა მარიო დრაგის ქაღალდები ესროლა და პოპკორნი დააყარა.

ფრანკფურტში "ევროპის ცენტრალური ბანკის" პრეზიდენტს მარიო დრაგის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას "ფემენის" აქტივისტი დაესხა თავს.

"ბლუმბერგის" ცნობით, აქტივისტი იმ მაგიდაზე ავიდა, რომელთანაც დრაგი იჯდა და ქაღალდები ესროლა მას, შემდეგ კი პოპკორნი დააყარა.

ინციდენტის გამო პრესკონფერენცია რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა მალევე გაგრძელდა.

როგორც ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიო დრაგიმ განაცხადა, ევროპის ცენტრალური ბანკი გააგრძელებს მარტში დაწყებული "რაოდენობრივი შემსუბუქების" პროგრამის რეალიზაციას, ვიდრე ევროზონაში ინფლაციის მყარი რეგულირება არ მოხდება.

ამასთან ერთად, მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ევროზონაში ინფლაცია ძალიან დაბალი იქნება, თუმცა წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდა დაიწყება.

"ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე გააგრძელებს ბერძნული ბანკების სასწრაფო წესით დაკრედიტებას აუცილებლობიდან გამომდინარე. ცენტრალური ბანკის რისკების საერთო მოცულობა საბერძნეთთან დაკავშირებით 110 მილიარდ ევროს შეადგენს", - აღნიშნა მარიო დრაგიმ.