როგორ შეზღუდავს EU კრიპტო ინდუსტრიას - ევროპარლამენტმა MiCa-ს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის კანონმდებლებმა დაამტკიცეს პირველი ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოსთვის, რომლის რეგულაციური ჩარჩოც სწორედ ამ პაკეტს უნდა დაეფუძნოს.

კენჭისყრაზე ევროკავშირის პარლამენტმა 517 მომხრითა და 38 მოწინააღმდეგით კრიპტო აქტის ანუ MiCA-ს მიღებას დაუჭირა მხარი. კანონმდებლობა, რომელიც ცდილობს შეამციროს რისკები კრიპტო აქტივების მყიდველი მომხმარებლებისთვის, პროვაიდერებს ავალდებულებს, აიღონ პასუხისმგებლობა ინვესტორების კრიპტო აქტივების დაკარგვის შემთხვევაში.

როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი დააწესებს უამრავ მოთხოვნას კრიპტო პლატფორმებზე, ტოკენების გამცემებსა და ტრეიდერებზე ტრანზაქციების გამჭვირვალობის, ავტორიზაციისა და ზედამხედველობისთვის.

პლატფორმებს მოეთხოვებათ მომხმარებლების ინფორმირება მათ ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შესახებ, ხოლო ახალი ტოკენების გაყიდვები ასევე დაექვემდებარება რეგულირებას.

სტეიბლკოინებს, როგორიცაა tether და Circle-ის USDC, მოეთხოვებათ საკმაო რეზერვების შენარჩუნება, რათა დააკმაყოფილონ გამოსყიდვის მოთხოვნები მასობრივად გატანის შემთხვევაში. იმ სტეიბლკოინებს, რომელთა ღირებულებაც ძალიან დიდი გახდება, ემუქრებათ დღიური ტრანზაქციების მოცულობის 200 მილიონ ევრომდე (200 მილიონი დოლარი) შეზღუდვა.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანოს (ESMA) მიეცემა უფლებამოსილება, შეასრულოს და აკრძალოს ან შეზღუდოს კრიპტო პლატფორმები, თუკი ისინი სათანადოდ ვერ იცავენ ინვესტორებს, ან საფრთხეს უქმნიან ბაზრის მთლიანობას ან ფინანსურ სტაბილურობას.

MiCA ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვით საკითხებსაც კრიპტოს ირგვლივ. ფირმები იძულებულნი იქნებიან გაამჟღავნონ ენერგიის მოხმარების მაჩვენებლები, ისევე როგორც ციფრული აქტივების გავლენა გარემოზე.

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცალკე კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ანონიმურობის შემცირებას იმგვარი კრიპტო ვალუტების გადარიცხვებში, როგორიცაა Bitcoin და სტეიბლკოინები.

ამის შემდეგ ფინანსური კომპანიები ვალდებულები იქნებიან, შეამოწმონ, აღრიცხონ და მიაწოდონ ინფორმაცია კრიპტო ტრანზაქციებზე, როგორც გამგზავნის, ისე მიმღების შესახებ, რითაც დაეხმარებიან ფულის გათეთრების აღკვეთას.

გადარიცხვები ბირჟებსა და ეგრეთ წოდებულ კერძო პირების საფულეებს შორის უნდა იყოს აღრიცხული იმ შემთხვევაში, თუ თანხა გადააჭარბებს 1000 ევროს, რაც სადავო საკითხია კრიპტო ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ხშირად ვაჭრობენ ციფრულ ვალუტებით კონფიდენციალურობის გამო.

მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ ტვიტერში განაცხადა, რომ მისი კომპანია მზად არის შეცვალოს ბიზნესი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში, რათა იყოს სრულ შესაბამისობაში წესებთან.

Binance მარეგულირებლების მხრიდან ინტენსიური შემოწმების ქვეშ იმყოფება, თუ როგორ მუშაობს იგი. მარტში, აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსებისა და ვაჭრობის კომისიამ უჩივლა Binance-ს, ჟაოს და Binance-ის ყოფილ ხელმძღვანელს, სამუელ ლიმს შეერთებული შტატების ფინანსური წესების დარღვევისთვის.

მარეგულირებლები კრიპტო ბაზრის რეგულირებას ინდუსტრიის მრავალი წარუმატებლობის გამო ცდილობენ. გასული წლის მაისში terraUSD, სტეიბლკოინის საკამათო პროექტი 60 მილიარდი დოლარის ზარალით დასრულდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა მის ტექნიკურ მახასიათებლებში.

terraUSD-ის ჩამოშლამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია ინდუსტრიაში და მას სხვა ფირმებიც მიჰყვნენ, მათ შორის Three Arrows Capital, BlockFi და Voyager Digital-იც. სიდიდით მეორე ყოფილმა კრიპტო ბირჟა FTX-მა გაკოტრების შესახებ განცხადება ნოემბერში შეიტანა და კრიპტო ინდუსტრიის ყველაზე გახმაურებულ წარუმატებლობად იქცა.

აღსანიშნია, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შემოუღიათ ოფიციალური წესები კრიპტო სივრცის დასარეგულირებლად.

კახი ჩაკვეტაძე