უძრავი ქონების, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში მფლობელის დაბეგვრის წესი იცვლება

უძრავი ქონების, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში დაბეგვრის წესი იცვლება. აღნიშნულს გულისხმობს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები. როგორც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს ცვლილება 2024 წლიდან ამოქმედდება.

„როდესაც ფიზიკური პირი ახორციელებს მის საკურებაში არსებული ქონების ან აქტივის რეალიზაციას და ეს არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობაში, რეალიზაციიდან კი მიიღებს ნამეტ შემოსავალს, მისი დაბეგვრის წესი იცვლება. აქამდე ასეთი ნამეტი შემოსავლის დაფიქსირების დროს დეკლარირება და გადახდა ხდებოდა წელიწადში ერთხელ ან ოპერაციის განხორციელების მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე - ფიზიკურ პირს უნდა მოეხდინა დეკლარირება და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მიღებული ცვლილების თანახმად კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან გასხვისებულ ასეთ ქონებაზე, იქნება ეს ავტომობილი, საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი, მესაკუთრეები უკვე დაიბეგრებიან ყოველთვიურად და გადაიხდიან ყოველთვიურად.

მაგალითისთვის, კონკრეტულ თვეს განხორციელდა რეალიზაცია, მივიღეთ ნამეტი შემოსავალი, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მოხდება დეკლარირება და გადახდა. ეს ცვლილება ბინას/საცხოვრებელ სახლს შეეხება იმ შემთხვევაში თუ საკუთრების შეძენიდან არ არის გასული 2 წელი. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა ბინა შეისყიდა 1 წლის წინ 100 ათას ლარად და გაყიდა 120 ათას ლარად, შეძენიდან კი არ არის გასული 2 წელი, ამ შემთხვევაში 20 ათასი ლარი არის ნამეტი და დაიბეგრება 5%-ით ბინაზე. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ შესყიდვიდან არ არის გასული 6 თვე და რეალიზაციით მიიღო ნამეტი შემოსავალი, აქაც 5%-ით დაიბეგრება და მოხდება დეკლარირება უკვე ყოველთვიურად.

წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები, როგორც დეკლარირების წარდგენაზე, ასევე გადაუხდელობაზე, მაგალითად, თუ პირი დააგვიანებს დეკლარაციის წარმოდგენას, სანქცია არის კუთვნილი გადასახდელი თანხის 5%, იმ შემთხვევაში კი, თუ დაგვიანებულ თვეთა რაოდენობა აღემატება 2 თვეს არაუმეტეს 10%-სა,“ - აღნიშნა დგებუაძემ.

თაია არდოტელი