„ჰაერის ტემპერატურა სრულად გამოსულია კონტროლიდან“ -უჩვეულოდ თბილი ზამთრის შემდეგ, ევროპა ანომალიურ სიცხეს ებრძვის

ხუთშაბათს, ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა აპრილის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათის შემდეგ, 38,7 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა.

სპეციალისტების აზრით, მიზეზი აფრიკიდან წამოსული თბილი ჰაერის მასებია, რასაც ქარის სიმცირე მოჰყვა და შედეგად სიცხე გაძლიერდა.

„ეს არ არის ნორმალური. ჰაერის ტემპერატურა სრულად გამოსულია კონტროლიდან“, - განუცხადა „ბიბისის“ ესპანეთის მეტეოსამსახურის წარმომადგენელმა, კაეტანო ტორესმა.

უჩვეულო სიცხის გამო, ესპანეთის სკოლებში შეცვალეს განრიგი, მადრიდის მეტრო უფრო ხშირად დადის, რათა ადამიანებს დიდხანს ლოდინი არ მოუწიოთ, ვადაზე ერთი თვით ადრე გაიხსნება საცურაო აუზებიც.

ანომალიურ სიცხეებს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: სიცხე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდის, ცხელ მასებს ევროპისკენ გადაისვრის. ამავდროულად, იბერიის ნახევარკუნძულზე მაღალი წნევის არეალი და შედეგად უღრუბლო ცა საშუალებას აძლევს მზის სხივებს, თავისუფლად გაათბოს ნიადაგი, რომელიც უკვე მშრალია და აორთქლების გამო სითბოს ვერ ამცირებს.

წლევანდელ სიცხეს წინ უძღოდა ხანგრძლივი გვალვა ესპანეთის ბევრ ნაწილში. მაგალითად, მდინარე გვადალკივირის აუზში წყალსაცავები მხოლოდ 25%-ით არის სავსე.

ოთხ რეგიონში გამოცხადებულია მაღალი „ნარინჯისფერი“ საფრთხე.

წყალსაცავი საუ, რომელიც ბარსელონადან 100 კილომეტრში მდებარეობს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბარსელონაც და კატალონიის სხვა ქალაქებიც წყლით აქედან მარაგდებიან.

129226260-droughtsaureservoir2-1682677421.jpg

მარტის დასაწყისში წყლის დონე საუში დაცოტავდა და ამჟამად მასში მოცულობის 8%-ია.

სპეციალურ ჯგუფს ბადეებთ ამოჰყავს თევზი, სანამ ის წყლის სიმცირის გამო მასში მოკვდება და გაიხრწნება, შემდეგ კი ეს წყალი ადამიანებისთვის გამოუსადეგარი გახდება.

129268143-gettyimages-1477260914-594x594-1682677464.jpg

მეცნიერების თქმით, ახლა ესპანეთის ისტორიაში ეს ყველაზე ძლიერი გვალვაა, რომელიც შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ეკოსისტემისთვის.

ეს ყველაფერი კი დიდ საფრთხეს უქმნის ტყის ხანძრების ალბათობას, რომელიც შესაძლოა, აპრილშივე დაიწყოს. გასულ წელს ესპანეთი მსგავსი ხანძრებით ყველაზე მეტად დაზარალდა.

129369609-1hi083522099-1682677493.jpg

ბევრი მეცნიერი კი ამ ფაქტორს გლობალურ დათბობას მიაწერს. „უკვე ვიცით, რომ 2022 წელი მეორე რიგით ყველაზე ცხელი წელი იყო ევროპის ისტორიაში. ევროპა ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ხოლო რაც მაღალია ტემპერატურა, მით დიდია ალბათობა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა“ - განუცხადა BBC-ს ევროკავშირის „კოპერნიკის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის წარმომადგენელმა, სამანტა ბურგესმა.

რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებისა და ბავშვების გარდა, სიცხე ნეგატიურად აისახება სოფლის მეურნეობაზე. ბევრი ესპანელი ფერმერი უკვე შიშობს, რომ ნალექის გარეშე მოსავალი ვერ გაიხარებს. მადრიდის ხელისუფლებამ ფინანსური დახმარების ინიციატივით ევროსაბჭოს უკვე მიმართა. ბევრმა მათგანმა ამა თუ იმ მარცვლეულის მოყვანაზე უარიც თქვა, რათა ფინანსური ზარალი არ ნახოს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი კი ევროპის მასშტაბით სურსათის დეფიციტის არსებობაზე მიუთითებს.

129531445-gettyimages-1482442573-594x594-1682677562.jpg

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველივე დღემ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იანვრისთვის შესაფერისი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა.

იგივე მდგომარეობაა აზიაში: ტაილანდის ჩრდილო-დასავლეთში 15 აპრილს 45 გრადუსი იყო, ლაოსში ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია, ხოლო ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში უკანასკნელი 58 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 40 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ამინდზე გლობალურ მასშტაბში შეიძლება იქონიოს გავლენა, არის ელ-ნინიოს ეფექტი - წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში, წყლის ზედაპირზე ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა.

თუკი პერუს სანაპიროზე, ოკეანის ზედაპირზე ტემპერატურა მატებას დაიწყებს, 2024 წელი შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე თბილი წელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის მანძილზე ბევრი ძლიერი ქარიშხალი, ტყის ხანძარი და წყალდიდობა იქნება.

ეკა დარჩიაშვილი