იმპორტირებულ ზეითუნის ზეთს სრულად ქართული პროდუქციით ჩავანაცვლებთ - სვანიძე

ესპანეთში წვიმის ნაკლებობამ ზეითუნის ზეთის ფასები რეკორდულ დონემდე გაზარდა. ანალიტიკოსების აზრით, განსაკუთრებით მშრალმა ზაფხულმა წელს მოსავლიანობის კიდევ უფრო შემცირება შეიძლება გამოიწვიოს .

გამოცემა Financial Times-ის თანახმად, ევროპაში ძლიერი გვალვის ფონზე, რომელმაც გასულ წელს ზეთისხილის კულტურები მთელ კონტინენტზე გაანადგურა, ზეითუნის ზეთის ფასები ივნისის შემდეგ თითქმის 60 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 5.4 ევროს მიაღწია ლიტრზე.

ესპანეთი, ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. შარშან მოსავალი იტალიაში და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებშიც ცუდი იყო.

რა მდგომარეობაა საქართველოში? ამ საკითხის გასარკვევად „ბიზნესპრესნიუსი“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს და კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელს, გიორგი სვანიძეს დაუკავშირდა.

როგორც სვანიძე გვეუბნება, საქართველოში მოსავალთან დაკავშირებული მოლოდინები კარგია და ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის არც მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარების გამო, იმპორტირებული ზეითუნის ზეთის ფასი მოიმატებს.

ამასთან, გიორგი სვანიძის თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩანაცვლდება ქართული ზეითუნის ზეთით.

„იმპორტული, შემოტანილი პროდუქციის ფასი გაიზრდება, თუმცა ქართულ პროდუქციას ეს არ ემუქრება და ფასები შენარჩუნდება. ფასების ზრდა აქამდეც იყო, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ქართული ზეთი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა, მაქსიმუმ, 10-12%-ით, რაც 6-ჯერ ნაკლები ზრდაა, ვიდრე ევროპაში.

თავიდან, მთლიანად, 100% იმპორტირებული პროდუქცია იყო ქართულ ბაზარზე, თუმცა ჩვენ, დაახლოებით, 30%-მდე ჩავანაცვლეთ და მომდევნო 5 წლის განმავლობაში, უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული ზეითუნის ზეთით სრულად ჩავანაცვლებთ იმპორტს“, - ამბობს სვანაძე.

გიორგი სვანიძის თანახმად, ქართულ ზეთისხილს შემოტანილთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხი და მჟავიანობის დაბალი დონე გამოარჩევს, ის კახეთში და იმერეთში მოდის და 1 ლიტრი ადგილობრივი ზეითუნის ზეთის ფასი 28-29 ლარის ფარგლებშია.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 341.6 ათასი აშშ დოლარის ზეითუნის ზეთი შემოვიდა, გასულ 2022 წელს კი მაჩვენებელი 2.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 55.7%-ით მეტია და ამასთანავე, ისტორიაში ყველაზე მაღალია.

სტატისტიკის თანახმად, ამ წლის იანვარ-მარტში საქართველოში მთავარი იმპორტიორი სწორედ ესპანეთია ($150 ათასი), შემდეგ კი იტალია მოდის ($118 ათასი).

რაც შეეხება გასულ წელს, პირველ ადგილზე არა ესპანეთი, არამედ იტალიაა 749 ათასი აშშ დოლარით, ხოლო შემდეგ მოდიან ესპანეთი ($498 ათასი), თურქეთი ($379 ათასი), საბერძნეთი ($359 ათასი) და აზერბაიჯანი ($185 ათასი).

კახი ჩაკვეტაძე