გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტზე მუშაობს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად მუშაობს შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია კანონპროექტი დაიხვეწოს და დოკუმენტმა მიიღოს ისეთი სახე, სადაც ყველა დეტალი მაქსიმალურად გათვლილი იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი მართავს შეხვედრებს ჩართულ მხარეებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, ასევე შესაბამის უწყებებთან, იმისათვის, რომ შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები და მოხდეს არსებული გამოცდილების გაზიარებაც.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ ცხოველთა ინტერესების დამცველებს, შინაურ ცხოველთა მეპატრონეებს, ვეტერინარული, კინოლოგიურ-ფელინოლოგიური დაწესებულებებისა და შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენების წარმომადგენლებს, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველთა სარეალიზაციო ზოომაღაზიების და ცხოველთა სასტუმროების მფლობელებს. შეხვედრებში ჩართული არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. კანონპროექტის სამუშაო ვერსიას ასევე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა იმუშავა პარლამენტის კვლევით ცენტრთან ერთად და მოიკვლია ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. კომიტეტი ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და მათ მიერ რეკომენდირებულ ექსპერტებთან კანონპროექტის ფინანსურ-ტექნიკური შეფასების ნაწილზეც მუშაობს. რაც ითვალისწინებს ფინანსური რესურსების ზუსტად გათვლას, იმისათვის, რომ მას შემდეგ რაც კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, შესაძლებელი იყოს თითოეულ მუნიციპალიტეტში მისი ეტაპობრივად აღსრულება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ვიდრე კანონპროექტის საბოლოო ვერსია მომზადდება და პარლამენტში ინიცირება მოხდება, კომიტეტი გეგმავს საგაზაფხულო სესიაზე, დაჩქარებული წესით განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც პარკებსა და ქუჩებში პატრონიანი ძაღლების საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებულ ჯარიმებს გაზრდის.

„სიტუაცია ქაოტურია, იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაში გაგდებული და გამრავლებული ძაღლების რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია, რომლის გამომწვევი მიზეზიც რამდენიმე ფაქტორია. ამიტომ საჭიროა ერთად დავხვეწოთ კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ადეკვატური თავშესაფარი, რასაც სახელმწიფო ფინანსები დასჭირდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.