საქართველო მსოფლიო ქვეყნების ”პასპორტის ინდექსში”   77-ე პოზიციაზეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უვიზოდ შესვლის მხრივ ამერიკული და ბრიტანული პასპორტის მფლობელებს ყველაზე მეტად უმართლებთ.

ფინანსური კონსალტინგური კომპანია "არტონ კაპიტალის" მიერ წარდგენილი ”პასპორტის ინდექსის” თანახმად, ამერიკისა და ბრიტანული პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 147 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა. საქართველო რეიტინგში 77-ე პოზიციაზე გავიდა - ქართული პასპორტით უვიზოდ შესვლა მხოლოდ 40 ქვეყანაშია შესაძლებელი. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე გავლენიანი პასპორტების მქონე ქვეყნებს შორის მეორე ადგილი საფრანგეთს, სამხრეთ კორეასა და გერმანიას ერგოთ, რომლის მოქალაქეებსაც 145 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, მესამე ადგილზე - იტალია და შვედეთი (144 ქვეყანა), მეოთხეზე - დანია, სინგაპური, ფინეთი, იაპონია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები (143 ქვეყანა), მეხუთეზე კი შვეიცარია მოხვდა (142 ქვეყანა).

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 35 პოზიციაზეა - რუსული პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 98 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა, დანარჩენ ქვეყნებში კი ვიზები ესაჭიროებათ, უკრაინა - 96 ქვეყანა, სომხეთი - 55 ქვეყანა, აზერბაიჯანი - 61 ქვეყანა, თურქეთი - 108 ქვეყანა. პასპორტის ინდექსში ყველაზე ბოლო - მე-80 პოზიციაზე აღმოჩნდნენ სოლომონის კუნძულები, ბურმა, სამხრეთ სუდანი. ამ ქვეყნის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს მხოლოდ 28 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე შესვლა.