წნორის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ წნორის მოსახლეობა ახალი წყალსადენი სისტემით მაღალი ხარისხის წყალს, 24 საათის განმავლობაში მიიღებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ვლადიმერ ლაზარიშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს 1250 მ3 მოცულობის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაციასა და ქალაქის ქსელის სამი ზონის მოწყობას, ასევე 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ზიმო" ახორციელებს და ადგილზე 23 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. პროექტი 2016 წელს დასრულდება.